სიხუაშვილი დააკავეს, რათა უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე არ გავიდნენ - აცხადებს თბილისის საკრებულოს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
საუბარია კომპანია „ბილდინგ დეველოპმენტის“ დირექტორზე, რომელიც „შაბათის კურიერის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ანონსის შემდეგ ალექსი სიხუაშვილის დაკავება დამთხვევა არ არის.
მისი თქმით, სიხუაშვილი მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული პირია. ამის დასტური კი არის ის, რომ მისმა კომპანიამ, რომელიც ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის ახლა ამხილეს, 2013 წლიდან დღემდე არაერთი მილიონი ლარის ხელშეკრულება მიიღო.
ენმ-ს წევრს ეჭვი აქვს, რომ სიხუაშვილის უკან მაღალი თანამდებობის პირები დგანან. მისი თქმით, „შაბათის კურიერის“ ეთერში ანონსის გასვლის შემდეგ ბიზნესმენის დაკავება სავარაუდოდ, თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ სიხუაშვილს უფრო მაღალი თანამდებობის პირების მხილებაც შეუძლია და მისი პატიმრობა გარკვეულწილად ხელისუფლებისთვის გარანტიაა.
„ამ კომპანია 2013 წლიდან დაიწყო მილიონობით ლარის მოპარვა ბიუჯეტიდან ეს მოხდა ოზურგეთში ეს მოხდა წალკაში, სხვადასხვა რეგიონებში. თუმცა დაჭირდა "შაბათის კურიერის" ანონსი ,რომ ამ პირისთვის წაეყენებინათ ბრალი. პირდაპირ დაემთხვა, ანონსის გასვლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალი და დააკავეს.
ახლა მნიშვნელოვანია ფაქტი, კონკრეტული ადამიანები,რომლებიც მილიონებით ხელშეკრულებას უფორმებდნენ თაღლითს, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა დადგება თუ არ დადგება. სამართლებრივად უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. ადამიანი რომელზეც თურმე მიმდინარეობდა გამოძიება 2018 წლიდან, როგორ მოხდა, რომ პრემიერმა რომ ხელი მოაწერა ამის შემდეგ 7 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ. ეს ადამიანი ფლობს ძალიან დიდი ინფორმაციას, ამ ადამიანის უკან დგანან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის "ქართული ოცნების" ლიდერები. ახლა გამოამწყვდიეს ციხეში იმის გამო, რომ გარკვეული ინფორმაციის მატარებელი ეს ადამიანი და უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე არ გავიდეს. სავარაუდოდ ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანთან ერთად ის თანამდებობის პირებიც უნდა იყვნენ დაკავებული ვინც მილიონობით ლარს ამ ადამიანს კონტრაქტის სახით უფორმებს,“-განაცხადა ხაბეიშვილმა.