19 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
იყო ისეთი დარღვევები, რომ კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან - სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს უსმენს

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმაზე იწყებს მუშაობას და სამსახურის მომავალ უფროსს ეძებს. იქმნება ახალი, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუცია, რომლის ხელშიც არა მხოლოდ მოსმენების ე.წ. გასაღები აღმოჩნდება, არამედ მასვე დაევალება სამართალდამცველთა დანაშაულის გამოძიება.

საუბარია საკმაოდ დიდ გავლენაზე, რომლის ხელში ჩაგდებას ახლა მმართველი გუნდის ორი შტო ცდილობს, ერთი მხრივ გიორგი გახარია და მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ ახლად დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი.  

პარლამენტში, ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სხდომა იწყება, სადაც კანდიდატებმა დეპუტატების წინაშე უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და გეგმები სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატად სულ ორი პირია წარდგენილი. 

ერთ-ერთი კანდიდატი, ვალერი ლომუაშვილია. სწორედ მის დასკვნით ეტაპზე გაყვანას, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების მხრიდან, კითხვები და კრიტიკა მოჰყვა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, რომელიც სპეციალური შესარჩევი კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ კონკურსი გარკვეული დებულებების დარღვევებით წარიმართა. 

„კომისიის მიმდინარეობის დროს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილი ჰქონდა იმ ტიპის დარღვევას, რომლის მიხედვითაც კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან, უნდა დანიშნულიყო ახალი კონკურსი. მე დღეს ვისაუბრებ ამ საკითხზე. კომიტეტის წევრებს მივაწვდი ინფორმაციას. თავისთავად, ის გარემოება, რომ სამოტივაციო წერილებიდან მხოლოდ ერთი წერილი იყო წარმოდგენილი, რომელიც შეესაბამება დებულების მოთხოვნებს, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო მეორე კონკურსის ჩატარება, ვინაიდან, პრემიერისთვის ორი კანდიდატი უნდა ყოფილიყო წარდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმით კონკურსის ჩატარება გარკვეულწილად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა“ - განაცხადა სულხან სალაძემ.  

თავად ვალერი ლომუაშვილისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მიუღებელია. ის ამბობს, რომ გასაუბრებაზე მან სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები წარადგინა.  

„უბრალოდ, გასაუბრების ეტაპზე ჩემი მონოლოგის 80% ეხებოდა უშუალოდ ამ ჩემეულ ხედვას სამსახურის ფუნქციონირებასთან და განვითარებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ძალიან ნათელი წარმოდგენა და თუ არ აკმაყოფილებდა ჩემი ხედვა კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში, მე აუცილებლად დავიბლოკებოდი და არ მექნებოდა შესაძლებლობა დღეს პარლამენტის წინაშე წარმედგინა ხედვა.... მე არასოდეს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები ან ტექნიკური კანდიდატი, ან ვინმეს გასაყვანად შექმნილი ...“- აცხადებს ვალერი ლომუაშვილი

დღის ამბები