პოლიტიკიდან ხომ არ წახვიდოდით და ქურდებს ხომ არ დაუთმობდით ასპარეზს, იქნებ ოპოზიციაში წავიდნენ? - ამ წინადადებით მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ოპონენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
მმართველი გუნდის დეპუტატს ეს კითხვა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ოპოზიციამ არაერთხელ მიუთითა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების მოსაგებად კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვა ტრადიციად აქცია.
ბერაიას და მის თანაგუნდელებს კი არ სჯერათ, რომ ზუგდიდში, მთაწმინდაზე და ბოლო წლებში ყველა არჩევნებზე ხელისუფლებამ სასურველი შედეგის მისაღწევად ქურდული სამყაროს წევრები და მათთან დაახლოებული პირები გამოიყენა.
“თქვენ ძალიან მარტივად ახსენებდით კრიმინალს,როცა იყავით ხელისუფლებაში. ძალიან მარტივი იყო ადამიანზე ამის დაბრალება თქვენთვის. თქვენთვის მარტივი იყო ამ სიტყვის წარმოთქმა მაშინ და დაბრალება ადამიანისთვის, რა თქმა უნდა ოპოზიციაში წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა თქვენთვის. ისევ იგივე რიტორიკით და ისევ მარტივად ახერხებთ ადამიანები შერაცხოთ კრიმინალებად. მე მაქვს შეკითხვა:
თქვენ ბრძანებთ, რომ კრიმინალების და ქურდების ჩარევით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს ეს არჩევნები? თუ ასე ფიქრობთ, რომ ქურდებმა არჩევნები მოგიგეს, "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა განშტოებებს, მაშინ დრო ხომ არ მოვიდა, რომ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი, იქნებ ისინი წავიდნენ ოპოზიციაში?” – განაცხადა ბერაიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არავინ დაუჯერებს,როცა ამბობენ, რომ არჩევნები ქურდებმა მოიგეს.
მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ქურდები ან პატიმრობაში არიან, ან ქვეყნიდან არიან გასულები.