ხმაური პარლამენტში - კამათი შუალედური არჩევნების მეორე ტურის განხილვას მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ ოპონენტებს უთხრა, რომ კრიმინალური სამყაროს წევრების არჩევნებში ჩართვით, ისინი მათგან დავალებულები ხდებიან, რაც სამომავლოდ დიდ პრობლემას შექმნის.
კახიძემ კოლეგებს ურჩია ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად პარლამენტში შს მინისტრი დაებარებინათ და გახარიას განემარტა, რას ნიშნავს ერთის მხრივ ქუჩურ გარჩევებთან სამართლებრივი ბრძოლა და მეორეს მხრივ კრიმინალებისთვის მიცემული უფლება, რომ სახელმწიფოს სახელით ისაუბრონ.
„არ ვამბობ, რომ არჩვენების შედეგი ამან განაპირობა. უბრალოდ დავინახეთ, რომ სახელმწიფო, მმართველი პარტია და სამართალდამცველი სტრუქტურა ამ სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად იყო.
დაფიქრდით, ზოგადად რა გზას ადგახართ. იმიტომ რომ ეს ხალხი, რომელთაგან უკვე დავალებული ხართ მოჰკითხავს ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყანაში ვზრდით ჩვენს შვილებს და მათ მაგალითს ვაძლევთ და ეს მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება, უბანში ჩაცუცქული მოძველბიჭო ელემენტი, რომელიც სახელმწიფოს სახელი ლაპარაკობს პოლიციელის გვერდით, თუ ის ადამიანი ვინც შრომით, სწავლითა და წარმატებით მიდის ცხოვრების გზაზე.
მე კი არ უნდა მეხმაუროთ აქ, რომ ტყუილებს ვამბობ, დაინტერესდეთ უბრალოდ, ჩართოთ ტელევიზორი, შეხედოთ ამ ფაქტებს, დავიბაროთ შს მინისტრი და ვკითხოთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქუჩის ბიჭებთან თანამშრომლობა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი,“-განაცხადა კახიძემ.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება კრიმინალს ებრძვის.
„ჩვენი პრიორიტეტი კრიმინალის კუთხით არის დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლა, ოღონდ არა იმ მეთოდებით, აღარ ვიტყვი ახლა ცოცხი კასტილი და ა.შ რასაც თქვენ აკეთებდით. ამ მეთოდებით არაკანონიერი მეთოდებით, კანონმა უნდა გასცეს ყველა დანაშაულს პასუხი,“-უპასუხა სოფიო კილაძემ.