"როგორც საკადრო, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რაიმე ცვლილებები მოხდეს" - ეს განცხადება, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ოთარ დანელია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გაჯანსაღების და განახლების პროცესი მმართველ პარტიაში, ყოველთვის დღის წესრიგში უნდა იდგეს. დანელია არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები განხორციელდეს როგორც საკადრო ნაწილში, ასევე სტრუქტურული თვალსაზრისითაც.
„ცვლილებების პროცესში დავინახავთ, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, როგორც საკადრო, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რაიმე ცვლილებები მოხდეს. განსაკუთრებით, როდესაც პარტია ამდენი წლის მანძილზე არის მმართველი გუნდის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, უნდა დააკომლექტოს მთავრობა და პარლამენტი, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ფორმაში და შესაბამისი გაჯანსაღების პროცესი იყოს ყოველთვის დღის წესრიგში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური პროცესი“ - ამბობს ოთარ დანელია და ვერ ამბობს ვერაფერს, იქნება თუ არა თავად მომავალ პარლამენტში.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ ნებისმიერ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვს, მუდმივი განახლება სჭირდება.
„თუ გინდა, რომ მმართველი ძალა თავის ამპლუაში შენარჩუნდეს, მუდმივი განახლების რეჟიმში უნდა იყოს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც პრეტენზია აქვს, ვთქვათ, ხელისუფლებაში ყოფნის. ამიტომ, აქ ახალი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, იქნება ძველიც, იქნება ახალიც და პარტია იქნება ძლიერი იმისათვის, რომ მოემზადოს 2020 წლის არჩევნებისათვის“ - განაცხადა კარლო კოპალიამ.