19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სიხუაშვილთან 7 მილიონიანი კონტრაქტი ირაკლი ხმალაძის ძმამ გააფორმა - ნადირაძე კალაძისა და მისი მოადგილის დაკითხვას ითხოვს

კომპანია „ბილდინგ დეველოპერს“, რომლის ხელმძღვანელიც „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის ანონსის შემდეგ სუს-მა დააკავა კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ხმალაძე მფარველობენ. ამის შესახებ განცხადებას, საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ნადირაძე აკეთებს.

საუბარია, 7 მილიონიან კონტრაქტზე, რომელიც პრემიერის დავალებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „ბილდინგ დეველოპმენტს“ გაუფორმა. არსებული ინფორმაციით, კონტრაქტი მაშინ გაფორმდა, როცა სუს-ში აღნიშნული შპს-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებული იყო.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს საქმე კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი კახა კალაძის პირველი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის ძმა, ჯაბა ხმალაძეა.  ირაკლი ნადირაძის თქმით, აუცილებელია, დაიკითხოს ჯაბა ხმალაძე, ასევე ვიცე მერი და მისი ძმა ირაკლი ხმალაძე. ნადირაძე ასევე ითხოვს დედაქალაქის მერის დაკითხვასაც. მისი თქმით, კალაძემ და ხმალაძემ უნდა დაამტკიცონ, რომ ჯაბა ხმალაძესთან ერთად კორუფციულ გარიგებაში არ მონაწილეობდნენ. 

„თუ მათივე ლოგიკას გავყვებით და საქმე იყო აღძრული, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ გააფორმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯაბა ხმალაძემ ასეთ კომპანიასთან შვიდი მილიონიანი ხელშეკრულება. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, დაიკითხოს ბატონი ჯაბა ხმალაძე, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის კახი კალაძის პირველი მოადგილის, ანუ ვიცე მერის ძმა. ფაქტია, რომ ამ კომპანიას აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება და თუ აქამდე ამ კომპანიას მფარველობდა ბატონი ღარიბაშვილი, ახლა ენერგოსექტორის მიმართულებით მფარველობს ამ ადამიანს ბატონი ხმალაძე და ბატონი კალაძე, რომელიც ყველასთვის ცნობილია, რომ არის ენერგომაფიის ხელმძღვანელი საქართველოსი. სწორედ ამიტომ, უნდა დაიკითხოს ბატონი ჯაბა ხმალაძე, რომელიც არის ხმალაძის ძმა, დაიკითხოს ბატონი კალაძე და უწევდნენ თუ არა ისინი მფარველობას ამ კორუფციულ გარიგებაში ბატონ ჯაბა ხმალაძეს,“- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

„ბილდინგ დეველოპერის“ დაკავებულ დირექტორსა და მფლობელს გამოძიებამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. საქმე ეხება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას.

კერძოდ, საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

დღის ამბები