ცვლილებები მარტო საკადრო გადაწყვეტილებებს არ გულისხმობს, გულისხმობს სიახლეებს სხვადასხვა სახელისუფლებო ვერტიკალში - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა. დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ კი სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
უმრავლესობის წევრის თქმით, როგორც სხვა ყველა დანარჩენ პარტია, მმართველი ძალაც, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში გადავა. ქუცნაშვილის თქმით, შემოდგომაზე ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ბიძინა ივანიშვილი განწყობილია პოზიტიურად. მისი დაპირება ხალხის მიმართ, რომ პარტია კიდევ უფრო ინტერაქტიული გახდება, ხალხთან ურთიერთობაში და შემოდგომაზე იქნება მიღებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ცვლილებები მარტო საკადრო გადაწყვეტილებებს არ გულისხმობს, გულისხმობს სიახლეებს სხვადასხვა სახელისუფლებო ვერტიკალში და ისეთი კანონების მიღებას, ისეთი საპენსიო რეფორმის ჩატარების გაგრძელებას, რომელიც ხალხისთვის იქნება სასარგებლო. გადაეწყობა ყველა პოლიტიკური პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებაც" გამონაკლისი არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები, გვაქვს სუსტი მხარეები. სუსტ მხარეებს გაძლიერება უნდა, ძლიერ მხარეებს კიდევ უფრო წარმოჩენა და გამაგრება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ზაზა გაბუნიას თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ქართული ოცნება“ აქტიურ მზადებას იწყებს. გაბუნიას თქმით, დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე, მმართველ პარტიაში რაიმე პერსონალურად საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ არაფერზე ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილებები ცხადია არ მიგვიღია. 2020 წელი მნიშვნელოვანი კალენდარული დღეა არის პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" ვემზადებით ძალიან აქტიურად ამ პოლიტიკური კალენდარული დღისთვის და ვაპირებთ გამარჯვებას. სხვა დეტალებზე, პერსონალურ საკითხებზე, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ. არავის შეცვლაზე, არც ერთი თვალსაზრისით პერსონალურ საკითხზე, რომელიც ცვლილებას უკავშირდება, ჩვენ არ გვისაუბრია. ვილაპარაკეთ ჩვენი საზოგადოებრივი აქტივობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამყარებაზე, მათი ხმის, ინიციატივების, მათი სურვილების ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში ასახვაზე“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.