19 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ივანიშვილი ჩემი ქვეყნის მტერია - ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გუბაზ სანიკიძე იქნება

„გამარჯვებული საქართველო“ ეს იმ პოლიტიკური მოძრაობის დასახელებაა, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოაყალიბებს. ოქრუაშვილთან ერთად მოძრაობის წევრებს შორის ახალ სახეებთან ერთად ძველი სახეებიც იქნებიან.

პოლიტიკურ მოძრაობას უერთდება კოტე კემულარიაც, რომელიც სპიკერის ფუნქციებსაც შეითავსებს. ოქრუაშვილის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მოძრაობას თავდაპირველად ლიდერი არ ეყოლება და მას პოლიტიკური საბჭო მართავს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ გეგმებს დახვეწენ, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც გუბაზ სანიკიძე ამბობს, მოძრაობის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყველამ გააცნობიერა, რომ ივანიშვილი ქვეყნiს პოლიტიკური მტერია და ისტორიული სუბიექტის სტატუსსაც კი საფრთხეს უქმნის.

„საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ აქვს მომავალი, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი თვისებები უკვე დაკარგული აქვს და გარდა სახელმწიფოსი ჩვენ შეიძლება ჩვენ ქვეყანაც დავკარგოთ, როგორც ისტორიული სუბიექტი.

"ბიძინა ივანიშვილი არის მტერი ჩემი სამშობლოსი. პირდაპირი გაგებით ის არის პოლიტიკური მტერი, ის ანგრევს სახელმწიფოს. როგორ ჩატარდება 2020-ში არჩევნები ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, ამას წყვეტს ერთი კაცი-ბიძინა ივანიშვილი, ის აირჩევს როგორ აპირებს წასვლას. აპირებს მშვიდობიან წასვლას, რაც უკრაინაში მოხდა, თუ მოუწევს სომხეთის ვარიანტი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ბელადების სიმრავლე და ბელადებიც უნდა დამთავრდეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ბოლო ბელადი ჩვენს ისტორიაში,“-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

კოტე კემულარია კი ამბობს, რომ ახალ მოძრაობაში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგია.

„ერთად, ძალიან დიდი ერთობით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას,“-ამბობს კოტე კემულარია.  

დღის ამბები