82 მომხრე და 21 წინააღმდეგი - ლონდა თოლორაია სახელწიფო ინსპექტორი გახდა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს. ის მუშაობას სამი ივლისიდან შეუდგება.
გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად ამბობდნენ, რომ შსს-ს მაღალჩინოსანს, ლონდა თოლორაიას უცხადებდნენ მხარდაჭერას. მმართველი გუნდი მის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და პიროვნულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას წარდგენა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ნიშნავს, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიაზე დამოკიდებული იქნება. სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, განახორციელებს მეთვალყურეობას პერსონალური მონაცემების დაცვაზე და ასევე მის ხელთ იქნება ფარული მოსმენების ე.წ. გასაღები. დეპუტატები ინტერესთა კონფლიქტზე ამახვილებენ ყურადღებას.
„რა სახელიც არ უნდა დაერქვას, რომელ დეპარტამენტსაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი, წარმოადგენს სისტემას, რომლის წინააღმდეგაც მას მოუწევს სისხლის სამართლებრივი დევნის და გამოძიების დაწყება. ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის შიშის გამოხატულება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კენჭისყრის გამართვამდე კანონმდებლებს მიმართა. მან ლონდა თოლორაიას ზურაბ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი უწოდა.
„დღეს თქვენ უნდა დაუჭიროთ კანდიდატურას მხარი, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს და განსაკუთრებით პიკში იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა არასრულწლოვნების 2010-2011-2012-ში. დღეს თქვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ქალბატონ ლონდას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.