პარლამენტში დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ დეპუტატებმა ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნეს.
ერთმანეთს გიგა ბოკერია, მისი თანაგუნდელები და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და სთხოვა ბოკერია დარბაზიდან გაეძევებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პაპუაშვილის მტკიცებით უარესი მოხდებოდა.
პაპუაშვილის ამ განცხადებისა და იმ უცენზურო რეპლიკების გამო, რომელსაც ის დარბაზში დაპირისპირებისას იყენებდა თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს სთხოვა რეაგირება მოეხდინა.
„პაპუაშვილმა გააჟღერა ძალადობრივი მოწოდებები, თქვენ თუ მართლა იაზრებთ იმ პასუხისმგებლობას რაც გაგაჩნიათ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, გთხოვთ მოახდინოთ სათანადო რეაგირება, დაგმოთ ძალადობრივი მოწოდებები,“-მიმართა ბოკუჩავამ კობახიძეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა კი მმართველი პარტიის წევრებს მიმართა და უთხრა, რომ ახი იყო მათზე, რადგან მისი აზრით, ყოფილი ხელისუფლების წევრები პარლამენტში საერთოდ არ უნდა ისხდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ მას არ მოსწონს კომუნისტური წარსული, მაგრამ არც „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული მოსწონს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნა არანაკლებ საშიში იყო კომუნისტურ რეჟიმზე.
ქუცნაშვილის თქმით, მას თმენის ვალდებულება აქვს რადგან ამომრჩეველმა გადაწყვიტა გიგა ბოკერიას პარლამენტში მოხვედრა.
„ნაციონალური წარსული არანაკლებ საშიში იყო ვიდრე კომუნისტური სისტემა. მე უნდა მოვითმინო გიგა ბოკერია პარლამენტში, რადგან ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ის იჯდეს მარცხენა მხარეს, ხოლო მე მარჯვენა მხარეს,“-განაცხადა ქუცნაშვილმა.