"თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის - ჩვენ მოვემზადებით ყველა შესაბამისი გართულებისთვის თუ გეგმისთვის, გვექნება გეგმა B-ც" - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, მისი და მისი თანაგუნდელების მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა ერთადერთი მიზნით იმუშავებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. თუმცა, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, თუ არჩევნები გაყალბდა, მათ სამოქმედო გეგმა ექნებათ და ეს ხმების დაცვას გულისხმობს. ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მთავარი საპროტესტო ტალღა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მოგროვდეს.
"გასულმა წელმა, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, აჩვენა, რაზეა ის წამსვლელი, რა ტიპის მანიპულაციებზეა წამსვლელი, დაწყებული ფულის დახარჯვიდან კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვის პროცესში. "ვეფხისტყაოსანი" ყველამ ვისწავლეთ სკოლაში, ბიძინა ივანიშვილმა გაიგო უკუღმა.
„მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ - მან გაიგო ასე, რომ 20-20 ლარი უნდა დაურიგოს გლახაკებს არჩევნების დროს და ეს არის მისი ქველმოქმედება.
რაც მეტად გაღარიბდება ქვეყანა, დაიცლება, რაც ნაკლები კრიტიკული მასა დარჩება ქვეყანაში, ის ბედნიერი იქნება ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც დარჩება გარკვეულ მასასთან, რომელსაც 20 ლარით იყიდის.
ამაზე თვალის დახუჭვა იქნება ქვეყნის დანაშაული, ეს იქნება ტოლფასი არჩევნების გაყალბებისა, არჩევნების გაყალბება რატომღაც ყველას ჰგონია, რომ შიგნით მანიპულირება რომ ხდება ოქმების გადაკეთება ეს არის. ეს ასე არ არის, გარეთ ფულის დარიგება დაშინება, კარტოფილის და ხახვის დარიგება ეს არის გაყალბება. ამ ყველაფრის წინააღმდეგ იქნება ჩვენი მუშაობა ყოველდღე.
რომაელების ლეგიონივით მწყობრი სტრუქტურა უნდა შევქმნათ, რომელიც გეგმა B-ს დროს ამუშავდება ეფექტურად. გეგმა B არის მარტივი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, თუ ხმის მიცემის პროცედურის შედეგად და მანამდე არსებული წინაპირობებით მივალთ იმ შედეგებამდე,როდესაც ხალხის ნება არ იქნება გათვალისწინებული, გადავალთ ბოლო ეტაპზე, როდესაც ადამიანებმა არჩევანი უნდა დაიცვან სახელისუფლებო შენობასთან. ხელისუფლება ბოლოს თავმოყრილია შუშის სასახლეში," - ამბობს ოქრუაშვილი.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის იმ მთავარ გზავნილებზე, რომელიც პომპეომ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
„სამი წლის განმავლობაში მე მიწევდა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტებით სიარული და არასოდეს ჰქონია მსგავსი რამ, რომ რაიმე სახის თემასTან დაკავშირებით მინიშნებები ყოფილიყო, რომ ეს ასე გააკეთეთ. დღეს ჰქონდა გზავნილები პომპეოს. პორტის მშენებლობა უნდა დაასრულოთ, საარჩევნო გარემო უნდა გააუმჯობესოთ და სასამართლო სისტემას მიხედოთ. ეს ბოლო ორი არის დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ჩვენს ხელისუფლებაზე და თუ ისინი ამას არ გაითვალსიწინებენ და არასამართლიანი არჩევნების შედეგები დადგება, ხალხს აქვს აზრის გამოთქმის უფლება, როგორც ქუჩაში ისე შენობაში,“-განაცხადა ოქრუაშვილმა.