ამერიკის სახელმწიფო მდივნის საკმაოდ ხისტ შეფასებას "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით თბილისშიც ეხმიანებიან. მაიკ პომპეოს განცხადება საქართველოს ძვირად დაუჯდება - ამბობენ ოპოზიციაში და გზავნილებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია 2020-ში დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. უმრავლესობაში კი პირობას დებენ, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრისგან ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
"რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, არის გამოწვევები და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა რეფორმის მეოთხე ტალღაზე, ეს ნაწილი რეფორმის ჩენ წარმატებით დავასრულეთ, დაიხვეწება კანონმდებლობა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც მომდინარეობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" პომპეოს განცხადებებს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორთან არასწორ თანამშრომლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
"ეს გზავნილები არის ძალიან საგანგაშო. ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ჩათვალა აუცილებლად ამ გზავნილების საჯაროდ გაჟღერება, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ეს გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას დახურულ კარს მიღმა მრავალჯერ აქვს მიღებული, მაგრამ როგორც ჩანს არ აქვს შესრულებული ის რეკომენდაციები, რასაც აქამდე ღებულობდნენ,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საგანგაშოდ მიაჩნიათ მაიკ პომპეოს გზავნილები "ევროპულ საქართველოშიც." გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ამით ცალსახად მიიღო დავალება, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
"ეს განცხადებები არის უაღრესად საგანგაშო. განსაკუთრებით ის, რაც ეხება სასამართლოს და დემოკრატიას. ეს ეხება ქვეყნის ფუნქციონირებას, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვალდებულია ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები 2020-ში,"-აცხადებს გიგი უგულავა.
მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციების უგულვებელყოფა, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რაც დრეს საქართველოს რუსეთთან აქვს, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება და აქ მმართველი პარტია დგამს ნაბიჯს უკან, არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს და იმედგაცრუებულს ტოვებს სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს სახიფათოა ქვეყნის მომავლისთვის,"-აცხადებს ეკა ბესელია.