მოლდოვის ახალი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში მიხეილ სააკაშვილს დახმარებას სთხოვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მოლდოვური ტელეარხის სტუდიაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ოლიგარქების მმართველობაზე ისაუბრა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.
მაია სანდუმ მიხეილ სააკაშვილს დახმარება პირდაპირ ეთერშიც სთხოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დახმარებისთვის მზად ყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაია სანდუს დიდი გამოცდილება აქვს და ის ერთ-ერთი რეფორმატორი პოლიტიკოსია.
„დღეს არაერთი ქვეყანა აღტაცებით შეჰყურებს მოლდოვას. ეს არის ისტორიული გარღვევა, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ოლიგარქიის პრობლემა არსებობს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა დაპყრობილი აქვს ოლიგარქს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოლიგარქების ხელშია ფული, ბიზნესი, მედიასაშუალებები, სასამართლო სისტემა. ისინი აბუჩად იგდებენ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეას. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში და ხდებოდა პოროშენკოს დროს უკრაინაშიც. ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება. მოლდოვაში პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ გარწმუნებთ, ვინმე პლაჰოტნიუკი ვერ შეძლებს წავიდეს ევროკავშირისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.