19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
გვითხრეს, თუ გვსურს, საქართველოს დასავლეთთან პრაქტიკული ხიდი აკავშირებდეს, ანაკლიის პროექტი არ უნდა შეფერხდეს - სამოქალაქო სექტორი აშშ-ს მკაცრ გზავნილებს აფასებს

ხელისუფლებამ თავის მოტყუების ნაცვლად, შეერთებული შტატების კრიტიკას ადეკვატური ნაბიჯებით უნდა უპასუხოს - პოლიტიკოსებთან ერთად, მაიკ პომპეოს განცხადებებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც უმკაცრესი ტონი ამოიკითხეს. 

მათი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ძალიან კარგად ხედავს, რომ სასამართლო სისტემა ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდა. მესამე სექტორში ასევე ამბობენ, რომ არჩევნები მმართველი პარტიის მიერ სასურველი შედეგის გაფორმების მექანიზმად იქცა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ანაკლიის პორტით აშშ-ს დაინტერესებაზეც საუბრობს. ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ამ პროექტის განსახორციელებლად პოლიტიკური ნება არ ეყოფა.

“ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის რაღაც სახე მაინც შეინარჩუნოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნებმა რაც აჩვენა, ძალიან უარყოფითი დასკვნები აქვს ამ არჩევნების ჩატარებას. თითქმის წელიწადია ეს მთავრობა გვეუბნება, რომ ანაკლიის პორტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით ამერიკელებისთვის და ეს არის მხოლოდ ბიზნესპროექტი. ამ განცხადებამ გვაჩვენა, რომ ზუსტად საპირისპირო არის, აშშ-ს ეს პროექტი აინტერესებს და ზუსტად იმ რუსულ და ჩინურ გავლენებზე იყო საუბარი, რომელიც შემოდის რეგიონში ამ პორტთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიო გზავნილი იყო. დრო არის ეს პროექტი გაგრძელდეს, თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ პოლიტიკური ნება ეყოფა ამ ხელისუფლებას, რომ ანაკლიის პორტი დაასრულოს,“-აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი კი ამბობს, რომ მაიკ პომპეოს მკვეთრი გზავნილი ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მეგობრებისთვის, ისევე მათთვის, ვინც  საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის განწყობილი. 

„იმისათვის რომ იყოს დემოკრატია, ცალსახად გვითხრეს, ამისათვის საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მივხედოთ სასამართლო სისტემას, ამისათვის საჭიროა მედია იყოს თავისუფალი, ამისათვის საჭიროა კანონის უზენაესობა. ჩვენ გვითხრეს, იმისათვის, რომ საქართველოს აკავშირებდეს პრაქტიკული ხიდი დასავლეთთან, ამისათვის მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს და მის მშენებლობას საფრთხე აღარ შეექმნას,“-განაცხადა გაფრინდაშვილმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას იმ სამ მთავარ საკითხზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ აშშ-ს მოთხოვნით უნდა შეასრულოს, ესენია: სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და ანაკლიის პორტი. სწორედ ამ რეკომენდაციების განხორციელებას ითხოვს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლებისგან. მაიკ პომპეოს მიერ გაჟღერებული ეს მკაცრი გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში კიდევ უფრო მკაფიოდ აისახა. 

დღის ამბები