ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზანმიმართული შეფერხება ხელისუფლების მხრიდან - ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც განმარტებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ წუთებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან ითხოვენ. უკვე 2 საათია, მინისტრის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეკითხვებს პასუხობს.
გიორგი კაკაურიძე, ოპოზიციამ პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ სასაუბროდ დაიბარეს, თუმცა ფრაქციის შეკითხვები ყველა მნიშვნელოვან თემას ეხება.
ანაკლიის პორტის გარდა, დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ გააუქმა ფინანსთა მინისტრმა, ბიზნესმენების ე.წ. ოქროს სია და მათ იმპორტზე გადასახადის ვადა ისე შეუმცირა, რომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ასევე შეკითხვები სსიპ-ებში, ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული ადამინების რაოდენობას და "ქართულ ოცნებასთან" მათ პოლიტიკურ კავშირებს ეხება, განხილვის მთავარი თემაა დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
„თუ იმპორტიორი მიდის ბანკში, ღებულობს სესხს ამა თუ იმ გადასახადის დასაფარად, სასესხო მომსახურების პროცენტი, საბოლოო ჯამში აწვება იმპორტიორს, აწვება მის მიერ შემოტანილ პროდუქტს და მომხმარებელს. კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და ჩვენ მოვიხმართ ძალიან ბევრ იმპორტირებულ პროდუქტს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დღეს პირდაპირ გვითხრა, რომ ეს ასე არ არის. მე რომ ვკითხე, დააწვება თუ არა, არ დააწვებაო, მაგრამ არგუმენტი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მან თქვა, რომ შეუძლია წავიდეს ბანკში, აიღოს სესხი. სესხის საპროცენტო განაკვეთი და ხარჯი დააწვება საბოლოოდ პროდუქტს, პროდუქტს ვინ მოიხმარს, მოიხმარს საქართველოს მოქალაქე. ამიტომ, დღეს ამ ოქროს სიის გაუქმებას აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ბიუჯეტის არამიზნობრივ და არაეფექტიან ხარჯებზე საუბრობს.
„ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი არაეფექტიანი ხარჯი, არის უამრავი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საბიუჯეტო ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული არიან ნათესავები, პარტიული აქტივისტები, კოორდინატორები და „ქართული ოცნების“ მომსახურე პერსონალი. ამას დამატებული ის, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად, შემცირებულია საინვესტიციო აქტიურობა, კლებულობს უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკური ზრდა დაბალია და აგერ კიდევ დამატებითი ტვირთი დააწვა იმპორტიორებს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
ბიზნესმენების ე.წ. ოქროს სიის გაუქმებისა და იმპორტზე გადასახადის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კაკაურიძემ.
„ის შეღავათი, რომელიც არსებობდა მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, არ იყო მისაღები, ვინაიდან, არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა, დაახლოებით 50 ათასამდე კომპანიას, ანუ 200 კომპანია სარგებლობდა უპირატესობით და ეს არ ჰქონდა 50 ათას კომპანიას... თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, გამოვა საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში და ამას ნამდვილად ვერ დავუშვებთ,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.