მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია "რუსთავი2"-ს ხაჩიძემ დაუდასტურა. ხაჩიძის განცხადებით, მისი წარდგენა დღეს მოხდა, მოლაპარაკებები კი მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხაჩიძე ამბობს, რომ შეთავაზება თავად გუბერნატორისგან მიიღო და ის ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.
როგორც "რუსთავი2"-ს ხაჩიძემ განუცხადა, ის გუბერნიაში კულტურის-სპორტის და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ მხარე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდეს.
"დღეს მოხდა წარდგენა, ამიტომ სხვა ზედმეტ ინფორმაციებს ვერ მოგაწვდით. ამჟამად მუშავდება ინფორმაცია, მუშავდება გუბერნიის გვერდზე და შესაბამისად შემდგომში უკვე გავაკეთებ კომენტარს. გიდასტურებთ, რომ დავინიშნე გუბერნატორის მოადგილედ, კულტურული მიმართულებით, სპორტის და საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში. რეგიონის პოპულარიზაციისთვის, ბევრი ტურისტული თემების განსავითარებლად, პიარისთვის.
არავინ არ ჩავანაცვლე, მესამე მოადგილე იყო საჭირო. სადღაც ერთი კვირაა მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩემთან. გუბერნატორისგან მივიღე შეთავაზება. ხვალიდან შევუდგები საქმიანობას. მოგეხსენებათ მე ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ ჩემი სფეროდან გამომდინარე პიარ სამსახურშიც მიმუშავია სხვადასხვა ადგილებზე და ძირითადად მინდა, რომ სამჯცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო ამ რეგიონს და რაც შეიძლება მეტად მიმზიდველი იყოს. კონკრეტულ გეგმებზე მოგახსენებთ დროთაგანმავლობაში. კონკრეტული გეგმა აქვს დასახული მხარის გუბერნატორს, ბატონ ბესოს, მე მისი გუნდის წევრი ვხდები და მე მის დავალებებს შევასრულებ. ძირითად მიმართულება არის როგორც პოპულარიზაცია, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. მე ჩემს პროექტებსაც დავდებ და ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. ფეისბუქზეც მექნება ლაივები, ჟურნალისტებთანაც მექნება ინტენსიური ურთიერთობა. არ მაქვს არანაირი შეზღუდვა და ა.შ.,"-განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზურა ხაჩიძე და მისი ოჯახის წევრები, მმრთველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ზურა ხაჩიძე, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.