პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელზეც საარჩევნო სისტემაზე უნდა იმსჯელონ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი არ დაპატიჟეს. ამიტომ პარტიების ხელმძღვანელები შეეცდებიან საკუთარი მოთხოვნების შესახებ ხმა ხელისუფლებას სხვა ფორმით მიაწვდინონ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ მოთხოვნასა და მოქალაქეების ხელმოწერებს 20 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შეიტანს. ისინი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.
"ეს კამპანია არის ხელისუფლებაზე ზემოქმედების საზოგადოებრივი ზემოქმედების კამპანია. ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, არ გაუწიოს წინააღმდეგობა ქართული საზოგადების საღ აზრს და მისცეს ქვეყანას და ამომრჩეველს საშუალება, ხელისუფლება იყოს არჩეული ქართველი ხალხის მიერ,"-აცხადებს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი კი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის სრული გამართულობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელია, რაც სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს.
"საარჩევნო კოდექსი და სისტემა ერთიანად არის ასაღები და ნაგვის ყუთში გადასაგდები, ამიტომ ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი, უნდა დავიწყოთ სისტემის ცვლილებით,"-აცხადებს გიორგი ახვლედიანი.