„არასერიოზულ კითხვებში გადავედით და ჯობია, სერიოზულზე ვისაუბროთ,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახი კალაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა, რომელიც ვერეს ხეობაში მშენებლობის ნებართვების გაცემას ეხებოდა.
თბილისის მერმა არასერიოზულად ჩათვალა კითხვა, აქვს თუ არა მას აღებული პასუხისმგებლობა იმ მშენებლობის ნებართვებზე, რომელიც ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გაიცა.
„არასერიოზულ კითხვებში გადავედით და ჯობია, სერიოზულზე ვისაუბროთ. 100 წლის შემდეგ რა იქნება და საქართველო როგორ იქნება და თბილისი როგორი იქნება, არასერიოზულ კითხვას სვამთ,“ - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავრობამ ვერეს ხეობაში სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზე გასცა ნებართვა, სწორედ იმ ადგილთან ახლოს, სადაც სტიქიის შემდეგ ნაშალი მასალები დაგროვდა. კახი კალაძის თქმით, აღნიშნული ადგილი არანაირ პრობლემას არ წამოადგენს მშენებლობისთვის.
„ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილი. რაც შეეხება ვერეს ხეობას, არის ადგილები, სადაც მშენებლობა და განვითარება არ შეიძლება, იმიტომ, რომ პრობლემას წარმოადგენს, არის ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს,“ - განაცხადა კალაძემ.