მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მედიაში სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა კანონმა უნდა დაარეგულიროს. დარღვევების შემთხევაში კი, საქმე თვითრეგულირების ორგანოს ნაცვლად, სასამართლომ უნდა განიხილოს.
ბექაურის ამ ინიციატივის რეალურ ავტორად ოპოზიცია ხელისუფლებას ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს განსხვავებული აზრი შეზღუდოს და ახალი რეგულაციები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოიყენოს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ამ პროცესში ყველა სტრუქტურის ჩართვას გეგმავს, მათ შორის მორჩილი სასამართლოს გამოყენებას, რომელიც თავისუფალი სიტყვის დამცველად ვერ გამოდგება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.
„მარეგულირებელი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ხდებიან და ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობენ, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თვითრეგულაცია უნდა იყოს განსაზღვრული ისე, რომ არ მოხდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც დღეს საქართველოში, სადაც სასამართლო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს კიდევ უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე ეს იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.