საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატების კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს. საქმე ეხება ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მწვავე კრიტიკას, რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, დამოუკიდებელი დეპუტატების არ მიწვევას უკავშირდება.
მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში არ მიიწვია. ამის გამო კი პარლამენტის თავმჯდომარეს ყოფილი თანაგუნდელები ტენდენციურ მიდგომებსა და პირად შურისძიებაში ადანაშაულებენ.
ირაკლი კობახიძე კი საკუთარ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის ყოფილი წევრების სტატუსით ხსნის და აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი დეპუტატები კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებს წარმოადგენენ.
„რაც შეეხება საარჩევნო ჯგუფს, კრიტერიუმები უნდა აგვეღო, როდესაც პოლიტიკოსების მოწვევაზეა საუბარი, პოლიტიკოსი უნდა წარმოადგენდეს შესაბამის სუბიექტს. ამ ჯგუფში არ არიან წარმოდგენილი პოლიტიკოსები, ჯგუფში არიან წარმოდგენილები კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები. რეალურად კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, ასეთი არის შვიდი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შედის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. რაც შეეხება კონკრეტულ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ისინი არიან პოლიტიკოსები, დეპუტატები, თუმცა ისინი არ წარმოადგენენ არც ერთ რეალურად კვალიფიციურ და არც ფიქტიურად კვალიფიციურ პარტიას. შესაბამისად, კონკრეტული კრიტერიუმით უნდა გვეხელმძღვანელა და აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ჯგუფი ისე, როგორც ჩამოყალიბდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დეპუტატები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ცესკოს წარმომადგენლები დაესწრნენ, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა წარმოადგენს.