თბილისის მერს ოპოზიცია ახალ კორუფციული გარიგებაში ადანაშაულებს. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დოკუმენტები გაასაჯაროეს, რომლითაც დგინდება, რომ ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია წულაიას კომპანიამ "არქიმ" გაიმარჯვა. ოპოზიცის ინფორმაციით, კახა კალაძემ მისი თანაპარტიელის კომპანიას დაახლოებით 16 მილიონის ქონება ერთ ლარად გადასცა. საუბარია, ვარკეთილში მდებარე ტერიტორიაზე.
„გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ დეპუტატ,ილია წულაიას, ვგულისხმობ „არქის“. ანუ კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად. აქ ფაქტობრივად რამდენიმე დღეში მივიღებთ სამშენებლო პოლიგონს. საუბარია იმაზე, რომ ამ 16 მილიონი ლარის ქონებიდან სამი წლის თავზე 5 მილიონი ლარის ქონება უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქის მერიას. კალაძე ყველაფრიდან გაჭირვებული ადამიანების ხარჯზეც კი შოულობს დამატებით მილიონობით ლარს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას დააკმაყოფილებენ, ეს მიწის ნაკვეთი რეალურად რომ გაეყიდათ და არა ერთ ლარად გადაეცათ დღესვე შეიძლებოდა არა 100-150 ოჯახის, არამედ სამჯერ უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილება,“-აცხადებს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, კახა კალაძეს „მაფიოზური მეთოდი“ აქვს, ის ახერხებს რომ გაჭირვებული ადამიანების პრობლემებს ამოეფაროს და რეალურად მილიონები იშოვოს. ნადირაძე ამბობს, რომ საკუთარი მეგობრების გარდა სამშენებლო ბიზნესს კალაძე სხვას არავის აკარებს.
„მონოპოლიზება გაუკეთა კალაძემ თბილისში სამშენებლო ბიზნეს და ის შოულობს მილიონობით ლარს თბილისელების ხარჯზე,“-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
საკრებულოს ოპოზიცია გეგმავს, დადგენილება, რომლის მიხედვითაც წულაიას 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილოს. დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.