გრიგორი კარასინის მუქარის შემცველ გზავნილებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ეხმაურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებულ გაწევრიანებას „დამღუპველი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის "ტონი" არ მოსწონს.
გია ვოლსკის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან ქედის მოხრით არ საუბრობს. დეპუტატმა ოპონენტების განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არც თავის მოხრა და არც „ბაქიბუქი“ რუსეთთან ურთიერთობაში სარგებლის მომტანი არ იქნება.
"საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, სწორად განსაზღვროს და შეაფასოს საფრთხეები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ საფრთხეების თავიდან არიდების ყველანაირ მეთოდს იყენებს. ძალიან მცდარია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თვლის, რომ ქედის მოხრით რუსეთის წინაშე შეიძლება მიაღწიოს რაიმე კომპრომისს და ვფიქრობ, ზედმეტი ბაქიბუქი, რაც მეორე მხარეს ახასიათებს, ესეც სწორი არ არის," - აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, შესაბამისად, ხელისუფლებას შემრიგებლური ურთიერთობა არ ექნება ჩრდილოელ მეზობელთან.
მისივე განცხადებით, საქართველოს დასავლური კურსი აქვს არჩეული.
"ჩვენ სწორი პარტნიორები გვყავს შერჩეული, სწორი მიმართულებით ვავითარებთ ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკას - აშშ, ევროკავშირი და ზოგადად, ნატო არის ის მოკავშირე, რომელიც ალტერნატივაა იმ საფრთხეებისა, რაც რუსეთიდან ისედაც მოდის, რა პოლიტიკაც არ უნდა გვქონდეს მის მიმართ. მას აქვს თავის სტრატეგიული ამოცანა, ის ახდენს აქ ოკუპაციას და საკმაოდ მძლავრი სამხედრო წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში და საქართველოში, აქედან გამომდინარე, ნურავინ დაიჯერებს, რომ შემრიგებლური, მეგობრული ურთიერთობები ამ პრაგმატულ სამყაროში არის შესაძლებელი, საქმიანი ურთიერთობა კი ბატონო, მოლაპარაკებები გარკვეულ ფორმატში საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ დასავლური კურსი არის სწორედ ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.