„კონსტიტუციით დაცული უფლებაა ადამიანმა გამოხატოს საკუთარი შეხედულებები"- ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს არ შეზღუდოს ქვეყნის დედაქალაქში "თბილისი პრაიდის" ჩატარება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა და მისი შეზღუდვა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას.
სამადაშვილის თქმით, "თბილისი პრაიდის" ყველა მონაწილის უსაფრთხოების დაცვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
„კონსტიტუციით დაცული უფლებაა ადამიანმა გამოხატოს საკუთარი შეხედულებები თავისუფლად, მიუხედავად იმისა, ეს შეხედულებები არის შოკის მომგვრელი თუ მიუღებელი მოქალაქეების სხვა ჯგუფისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო ჩემი აზრით, არის ვალდებული უზრუნველყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ამ შემთხვევაში მე იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სახელმწიფოს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების აზრი,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.
ასევე ნათქვამია, რომ LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები, უცხო ქვეყნებს აწვდიან ინფორმაციას შევიწროების შესახებ და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ.