პრეზიდენტის სადავო გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილმა სკანდალური საქმეების პროკურორები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა პროკურორს, რომელმაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით სამხედროები გაასამართლა, ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცა. პოლიტიკურ სპექტრი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებას ითხოვს, რატომ გადასცა ჯილდო პროკურორ აღლემაშვილს, რომელმაც ირაკლი ალასანიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით ჯარისკაცები ციხეში ჩასვა.
ე.წ. კაბელების საქმეს ახლა ევროსასამართლო განიხილავს, თუმცა ვიდრე სტრასბურგი დაადგენს, იყო თუ არა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, პრეზიდენტმა პროკურორი დააჯილდოვა. პროკურორი ნინო აღლემაშვილი სიაში მარტო არ არის, ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა პროკურორი ქარცივაძეც, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს.
პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ 2011 წელს ბრალი წაუყენა და ციხეში გაუშვა ოპოზიციის მაშინდელი აქტივისტები, მათი დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ პატიმრად აღიარა და 2013 წელს ამ სტატუსით ციხიდან გაათავისუფლა.
სკანდალური საქმეების პროკურორების დაჯილდოებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. სალომე ზურაბიშვილის გუნდი არ განმარტავს, რა კრიტერიუმებით შეარჩია პროკურორები, რომელსაც პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცა.
გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ პრეზიდენტს პროკურორებისთვის ღირსების ორდენების გადაცემა მან სთხოვა, პროკურორები კი 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობისთვის დააჯილდოვეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ სკანდალური საქმეების პროკურორების ღირსების ორდენით დაჯილდოებით სალომე ზურაბიშვილი მწვანე შუქს უნთებს ძალოვნებს, რომ ციხეში გაუშვან ადამიანები მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ივანიშვილის პარტიას სჭირდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.