მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დაპირისპირება ლგბტ თემის და კონტრაქციის წევრებს შორის მოხდა, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ პოზიცია დააფიქსირონ და პასუხისმგებლობა აიღონ.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე პრემიერს ამ დრომდე დუმილის შენარჩუნების გამო აკრიტიკებს.
„როგორც ჩანს, ხელისუფლება არ იღებს ამ პასუხისმგებლობას, დუმს პრემიერი, დუმს ყველა წარმომადგენელი ხელისუფლებიდან და საპატრიარქო კიდევ ერთხელ ბედავს და ძალადობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაიაც.
„ამ ვითარებამდე მისვლა არის სწორედ საპატრიარქოს დამსახურება, საკუთარი განცხადებით. ის, რომ ისინი პირდაპირ ძალადობენ, თითს უქნევენ ხელისუფლებას, პასუხისმგებელი ამაზე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, იმიტომ, რომ არცერთი არ გამოდის ამ წუთას და არ მოუწოდებს კონტრაქციის წარმომადგენლებს, რომ დაიშალონ. იმიტომ, რომ ეს აქცია იყო მშვიდობიანი, ეს აქცია იყო საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები, რომლებიც ვალდებული არიან, რომ საპატრიარქოს ძალადობრივ განცხადებებს გაუწიონ წინააღმდეგობა, ისინი არაფერს არ აკეთებენ,“ - განაცხადა კორძაიამ.
მწვავე დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებებით გაგრძელდა. პოლიციამ ლგბტ თემის მოწინააღმდეგე კონტრაქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც ერთ-ერთმა შეკრებილების მიმართულებით გაურკვეველი საგანი ისროლა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. პარალელურად, ადგილზე რჩებიან ლგბტ თემის და კონტრაქციის წარმომადგენლები.