არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაპირისპირებები - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ის არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან.
„მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ეს გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს იმ ადამიანების პრეზიდენტიც, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური ორიენტაცია. ჩემთვის არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. იმედია, ამ ქვეყანას საკუთარი დაპირისპირებები ეყოფა, არ გვჭირდება გარედან შემოტანილი ახალი დაპირისპირებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.