14 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედი კიდევ უფრო მძიმე მოვლენებს აანონსებს. ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიციას არ დაემორჩილება და ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, წალეკავს.
ლევან ვასაძის თავდასხმის ობიექტები საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები გახდნენ. ვასაძე ამტკიცებს, რომ მღვდელმთავრებსა და ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო ხალხის ქუჩაში გაყვანის გადაყვეტილება.
ვასაძის 10-წუთიანი ვიდეომიმართვა სისხლის სამართლის დანაშაულის რამდენიმე ნიშანს შეიცავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ და ვასაძე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
„ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ,“ - ამბობს ვასაძე.
ის, ვინც გუშინდელ პროცესებს აკვირდებოდა, პირდაპირ ამბობს, რომ მოვლენები რუსული სცენარით მიდის და თუ ხელისუფლება დროულად არ ჩაერევა, პროცესები უმართავი გახდება.
ვასაძემ რუსულ ტელეარხებთან არაერთხელ აღნიშნა, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული ურთიერთობაა საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად თქვეს, რომ აგრესიული რიტორიკის უკან რუსულ კვალს ხედავენ.
გუშინ პროცესებს რუსეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი ლევან ვასაძე მარტო არ მართავდა. მასთან ერთად იყო დიმიტრი ლორთქიფანიძეც, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელი. ეს ფონდი ფულს რუსეთის ხელისუფლებისგან იღებს.
ხელისუფლება ახლა გამოცდის წინაშე დგას - ან მოახდენს რეაგირებას ძალადობრივი ჯგუფების მიერ კანონის დარღვევაზე ან თავად გახდება ამ ჯგუფების შანტაჟის მსხვერპლი.