19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
სკანდალური გვარი ბესელიას საქმეში - დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ცხელ პოლიტიკურ ზაფხულს უანონსებს

ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას“ ცხელ პოლიტიკურ ზაფხულს უანონსებს. ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, თუმცა ხელისუფლებამ მაინც არ გამოიძია, ვინ გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სისხლის სამართლის საქმეში კი, რომელიც ბესელიამ უკვე წაიკითხა, ბევრი უცნაურობაა.

დეპუტატის ყურადღება ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი გამავრცელებლების გვარმა მიიქცია, საქმეში დევს ორი დის ჩვენება, სადაც ისინი აღიარებენ, რომ ვიდეომასალა სოციალური ქსელით რამდენიმე ადამიანს გადაუგზავნეს, მათ შორის ერთ-ერთმა საკუთარ მეუღლესაც.

ისინი ადასტურებენ, რომ იცოდნენ ჩანაწერის შინაარსიც და კადრების გაგზავნამდე შინაარსს მეგობრებთან განიხილავდნენ. ამ პირდაპირი ჩვენების მიუხედავად, საქმეში მონაწილე ორ მთავარ ფიგურანტს მაინც მოწმის სტატუსი აქვთ მაშინ, როცა სხვა ანალოგიურ შემთხევაში პროკურატურამ მოქალაქეებს ბრალი წაუყენა და დააკავა.

გვარი, რომელსაც ეკა ბესელია არ ასახელებს, „კურიერმა“ გაარკვია. ორი და განსაკუთრებული სტატუსით მძიმე ბრალდებით დაწყებულ საქმეში ზარდიაშვილები არიან, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მოგვარეები.

უცნობია, აქვს თუ არა სასამართლო კლანის მთავარ ლობისტად და ეკა ბესელიას პირად მტრად გამოცხადებულ დეპუტატს რაიმე ნათესაური კავშირი საქმის ფიგურანტებთან. ამ კავშირების გარკვევას უმრავლესობის ყოფილი წევრი სამართალდამცველებს სთხოვს.

ხელისუფლების შეცვლას ეკა ბესელია ახალ თანამოაზრეებთან ერთად იწყებს. ოფისში ინგოროყვას ქუჩაზე 20 ივნისის დამფუძნებელი ყრილობის და „ოცნების“ ხელისუფლების დამარცხებისთვის ემზადებიან.

ეკა ბესელიას თანამოაზრეებში არიან მმართველი გუნდის ყველაზე სტაჟიანი, მაგრამ უკვე ყოფილი წევრები, იურისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ვარლამ ხათრიძე, რომელმაც შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიკავა. ვარლამ ხათრიძე, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე ყველაზე მეტი იცის და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც "ოცნების" ყველა მინისტრი გამოიცვალა, გიორგი გახარიას ბევრ სიურპრიზს უანონსებს.

 

დღის ამბები