ბიზნესმენების ე.წ. ოქროს სია და საგადასახადო შეღავათის გაუქმება - ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესმენებს 30 დღიანი ვადა აქვთ, რომ ახალ რეგულაციებს შეეგუონ.
მინისტრი ამბობს, რომ არცერთ ქვეყანაში მსხვილი ბიზნესი პრივილიგიებით არ სარგებლობს.
„არაფინანსური უპირატესობები და პრივილეგიები რაც არსებობდა, დარჩება მსხვილი იმპორტიორებისთვის. უბრალოდ მსოფლიოში, ვერსად მოიტანთ ისეთ ფაქტს, რომ მსხვილ კომპანიებს ან სხვა საგადასახადო რეჟიმი აქვთ ან რამე ტიპის ფინანსური და მონეტარული ბენეფიტი აქვთ. ჩვენ 30 დღე მივეცით მათ და მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისია,“-ამბობს ივანე მაჭავარიანი.
რაც შეეხება კითხვას, უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ბიზნესმენები ამ საკითხის ირგვლივ კონსულტაციებში ჩართული, მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ ცვლილების შესახებ ბიზნესმენებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.
„იმიტომ რომ 2017 წელს მთავრობას ჰქონდა ბიუჯეტში ნაგულისხმევი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში იყო გამოქვეყნებული, პირდაპირ ეწერა, რომ მთავრობა აპირებს ოქროს სიის გაუქმებას,“-ამბობს მაჭავარიანი.
მისი თქმით, სამინისტროს რაც ევალებოდა, იყო ბიზნესმენების საქმის კურსში ჩაყენება, მაჭავარიანი ამბობს, რომ სამინისტრომ ბიზნესმენებს ცვლილების შესახებ 30 დღით ადრე აცნობა.