რა სცენარით ემუქრება ხელისუფლებიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილს? - ვერსიები სხვადასხვა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური სცენარი უკვე განხორციელდა.
მაისის ბოლოს უკრაინის მართვას ოლიგარქი ჩამოშორდა. ივნისის დასაწყისში ოლიგარქი არათუ ჩამოსცილდა მოლდოვას მართვას, არამედ გაიქცა ქვეყნიდან.
მოლდოვის ოლიგარქთან სამართალდამცველებს კითხვები აქვთ. ინტერპოლი 2012 წლიდან ცდილობს, ვლადიმერ პლახოტნიუკს დაადოს ბორკილი ბევრი საეჭვო საერთაშორისო საქმიანობისთვის, პირველ რიგში რუსულ ე.წ. სოლნცევსკაია მაფიასთან კავშირისთვის.
ისე, როგორც საქართველოში ღონისძიებაზე მასის საჩვენებლად ავტობუსებით მიყვანილი ადამიანები ზოგჯერ მოლდოვაშიც ღიად ყვებოდნენ, რომ ტაშის დაკვრაში 30 დოლარს უხდიდნენ. პასუხს სთხოვდნენ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ოლიგარქთან კითხვები ჰქონდათ.
ქვეყნის მედიაბაზრის 80%, ყველაზე ლოიალური შეფასებით, ოლიგარქ პლახოტნიუკს ეკუთვნის. ასე ეჭირა მასები. კერძო პირები კი, ვისი ინტერესიც ჰქონდა, ეჭირა ან ფულით, ან ჩვეულებრივი შანტაჟით. მოსამართლეების, პროკურორების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების ინტიმური ვიდეოები სწორედ ამისთვის გამოიყენა.
სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მოლდოველმა ოლიგარქმა ფონდი შემქნა. ფონდმა დაუწესა ყოველთვიური პენსია ხელოვნებისა და სპორტის ცნობილ სახელებს, აფინანსებდა კონცერტებსა და გამოცემებს.
არჩევნებზე საკუთარი პარტიის რეიტინგის დაცემა რომ დაინახა, ქვეყანა ზუსტად ჩვენებურ, შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანა.
ამერიკულ დიპლომატიას, ანტიოლიგარქიული კვირა ჰქონდა. პლახოტნიუკის გაქცევამდე მის ოლიგარქიულ მმართველობაზე ელჩმა ისაუბრა. ივანიშვილს კი კონკრეტული მოთხოვნები აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა წაუყენა. მაიკ პომპეომ საქართველოში სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ასევე დემოკრატიის გაძლიერებასა და ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამ განცხადების შემდეგ ივანიშვილმა იცის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის შემთხვევაში ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რაც აშშ-ს ადმინისტრაციასთან ღია დაპირისპირება იქნება.
რუსეთთან ურთიერთობის გარდა, ივანიშვილს მოუწევს, ამერიკის ეკონომიკურ ომში ჩინეთთან, საქართველოს ადგილი დაადგინოს.