დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. "კურიერის" ინფორმაციით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრს დღის ბოლოს შეხვდა.
დავით სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.
სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უწყებაში საკადრო ცვლილებები. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.
სერგეენკოს სავარაუდო გადადგომას ოპოზიცია ქვეყანაში ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნას უკავშირებს.
„ის დიდი ენთუზიაზმი, რომელიც მოჰყვა ჯანდაცვის რეფორმებს არ გაგრძელებულა და შესაძლოა ის ინდიკატორები, რომელიც არის მაღალი სიღარიბე და არც დიდი კმაყოფილება აღარ არის და ა.შ. ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, შესაძლოა ამ რეფორმების ანალიზი დაედოს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. თუმცა როგორც გითხარით, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ერთი ადამიანის სურვილი, რომ შეიცვალოს,“-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იკავებს ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელის პოსტს. რადგან ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყანას ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებით იმართება.
„ვინ იქნება მინისტრი რომელიმე სამინისტროში ან ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც არის სრული კრახი ამ ხელისუფლების, ან ვინ იქნება დავუშვათ პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავიდან ბოლომდე კარიკატურული ფიგურაა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძალიან კარგად და მკაფიოდ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველი, რომელსაც ექვემდებარება ყველა შტო,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.