ლევან ვასაძის დაანონსებული კომბლების რევოლუცია და ფორმირებების შექმნა - შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება ბიზნესმენის განცხადებებზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ლევან ვასაძის საჯარო განცხადების შემდეგ, რომ ის შექმნის დაჯგუფებებს და დაუპირისპირდება ყველას, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ან მათ უფლებებს იცავს, გამოძიება უკვე დაწყებულია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი დაჯგუფებები შექმნა და მასში ჩართულობა დასჯადია. მეზვრიშვილი ამბობს, რომ ყველა აგებს პასუხის, ვინც პოლიციელების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს და სამართალდამცველებზე ხელს აღმართავს.
„რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა, ამ ტიპის ფორმირებებში გაწევრიანება, ეს ისჯება კანონით. არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ ამაზე რეაგირება მოახდინა უკვე, დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა ამას სათანადო სამართლებრივი შეფასება. რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი, ვერავინ ვერ გაარღვევს პოლიციის კორდონებს,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შს სამინისტრომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.