ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ უარყოფს ინფორმაციას, რომ მას შესაძლოა დღეს თანამდებობა დაატოვებინონ. განცხადება სერგეენკომ "რუსთავი2"-თან გააკეთა.
სერგეენკო ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.
"ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება,“-აცხადებს სერგეენკო.
კითხვაზე, შეხვდა თუ არა ის მამუკა ბახტაძე და განიხილეს თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხი სერგეენკო ამბობს, რომ პრემიერს ის ხშირად ხვდება.
ასევე კითხვაზე, ატოვებინებენ თანამდებობას, თუ ის თავის სურვილით მიდის სერგეენკო ამბობს:
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ნებისმიერ ცვლილებაზე, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება არის პრემიერის საქმე.“
რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სერგეენკოს შეცვლის, ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ მოვალეობას ჯერ კიდევ თავად ასრულებს.