დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის კაბინეტის დაცლა მოუწევს. ერთ დროს ოლიგარქის უახლოესი გარემოცვის წევრს წამზომი ჩაურთეს.
ქვეყნის ყველაზე დიდი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაშვება რომ გადაწყვეტილია, ეს დღეს „კურიერს“ დავით სერგეენკომ თავად დაუდასტურა. ჯანდაცვის მინისტრი დღეს სამსახურში ჩვეულზე ორი საათით გვიან წავიდა, ბოლო სამუშაო დღის წინ „კურიერს“ ინტერვიუ მისცა და პრაქტიკულად აღიარა - არ მიდის, უშვებენ.
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ არ უარყო, რომ სერგეენკოს უშვებს, თუმცა საჯაროდ არც ერთი მიზეზი არ უთქვამს, რატომ ელევა „ქართული ოცნება“ ჯანდაცვის უცვლელ მინისტრს.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი, ქვეყნის ყველაზე დიდი სამინიტროს ხელმძღვანელი, ივანიშვილის ინიციტივით გახდა და თანამდებობიდან შვიდი წლის შემდეგ, ისევ ივანიშვილის ინიციტივით მიდის.
„ოცნების“ ყოფილი წევრები, ვინც ოლიგარქთან ერთად, ერთ პარტიაში რამდენიმე წელი გაატარა და მისი მართვის სტილი კარგად იცის, ამბობენ, სერგეენკო კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ დავით სერგეენკო ეჭვიანობის მსხვერპლია, მინისტრად დანიშვნის შემდეგ მას პოლიტიკური რეიტინგებში ყოველთვის მაღალი შედეგი ჰქონდა.
სერგეენკოს თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი ვერსიად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩავარდნა სახელდება. ოპოზიცია ჯერ კიდევ გასულ კვირას მედიკამენტების პროგრამის საგანგაშო შედეგებზე ალაპარაკდა.
პრემიერ-მინისტრი დავით სერგეენკოს გაშვებაზე ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. ჯანდაცვის მინისტრის შემცველად, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთადერთი კანდიდატურა სახელდება. სერგეენკოს სავარძელს სავარაუდოდ საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.