რაინდმა უკან დაიხია. რადიკალური დაჯგუფება პატრულირებაზე უარს ამბობს და ლოცვას იწყებს. ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გუშინ დააანონსა, პოლიციას კომბლებით დაემუქრა და თქვამ რომ განსხვავებული აზრის ადამიანებს ქუჩაში ქამრებით გაკოჭავს.
ვერის ბაღში გამომძიებლები დღის გამოჩნდნენ, დაკითხვაზე გამოიძახეს ლევან ვასაძის ის მხარდამჭერები, ვინც უკვე მეორე დღეა, არაფორმალური დაჯგუფების წევრებს აგროვებს და თეთრსამკლავურიანთა ასეულებს ქმნის. დაკითხვაზე უკვე დაიბარეს ე.წ. სახალხო ლეგიონის ორი მეთაური, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ასევე დაკითხვაზე ჰყავთ გიორგი მამარდაშვილი და დავით ბერიძე.
არაფორმალური დაჯგუფების შექმნა სისხლის სამართლის დანაშაულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რაინდობის მიუხედავად, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ აარიდებს.
იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ ვასაძის მიმდევრები გააფრთხილა და მუხლი რომლითაც ძიება მიმდინარეობს 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რადიკალთა ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმრობისთვის მზად არიან.
არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ პოლიციას მოქმედებისთვის ცოტა დრო აქვს, ფორმალურად გამოძიების დაწყება და საქმის თაროზე შემოდება ამჯერად არ გამოვა.
მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ვასაძის წინააღმდეგ ძიება ფორმალურად დაიწყო. ეს იქნება მორიგი დაუსრულებელი საქმე, რომელიც თაროზე დიდი ხნით შემოიდება.
უკანონო ფორმირებების შექმნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვების სერია დაიწყო. თუმცა, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ რამდენად გრძელია დასაკითხ პირთა სია და მოხვდნენ თუ არა მის სათავეში რადიკალური მოძრაობის მთავარი ლიდერები.
გამოძიების მიუხედავად, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, ჯერჯერობით, გეგმების შეცვლას არ აპირებენ.