განმეორდება თუ არა საქართველოში უკრაინის და მოლდოვის სცენარი - ანალიტიკოსები პოსტ საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის გავლენით დამყარებული ოლიგარქიული მმართველობების დასასრულს წინასწარმეტყველებენ.
ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე და ჯო ბაიდენის მრჩეველი ხელისუფლებას 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მოლდოვას სცენარის გათამაშებას არ გამორიცხავს.
მოლდოვაში ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების პროგნოზს არჩევნებამდე ვერავინ აკეთებდა და პლაჰოტნიუკის მთავრობა ქვეყნაში თავს უძლეველად მიიჩნევდა, თუმცა მოვლენები სრულიად მოულოდნელად და სწრაფად განვითარდა.
ოლიგარქის წინააღმდეგ ერთმანეთისადმი რადიკალურად დაპირისპირებული რუსული და პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ და პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს. მოლდოვას ახლა დასავლური განათლების მქონე პრემიერი, მაია სანდუ ჰყავს, რომელიც „რუსთავი 2“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ დაპირებული რეფორმების განხორციელებისას საქართველოს გამოცდილებას გამოიყენებს.
მოლდოველი ოლიგარქი ქვეყნიდან მისი გუნდის მარცხის შემდეგ სპეცრეისით გაიქცა. დღეს მან უკან დაბრუნება დააანონსა და თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები თებერვალში ჩატარდა, შედეგებით უკმაყოფილო ოლიგარქის ვლადიმერ პლაჰოტნიუკის საკონსტიტუციო სასმართლომ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.