19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
განათლების პრობლემა გაქვთ - ზაქარია ქუცნაშვილი რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა 

რუსი პოლიტიკოსების ანტიქართულ განცხადებებში „ქართული ოცნების წევრი“ ზაქარია ქუცნაშვილი პრობლემას ვერ ხედავს. მისთვის არც ის საკითხია პრობლემური, რომ ისინი თბილისში, მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან.

სამაგიეროდ ქუცნაშვილი პრობლემას ხედავს ქართველ ჟურნალისტებში და მათ კომპეტენციას უწუნებს. „კურიერის“ შეკითხვამ მაჟორიტარი დეპუტატი იმდენად გააღიზიანა, რომ პრესკონფერენცია ნაადრევად დაასრულა.

„ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არავის არ აქვს. რაც შეეხება გამოხატვის ნაწილს, გამოხატვის ნაწილში გეთანხმებით, რომ აქვთ გაკეთებული საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები, მაგრამ ეს არ არის იურიდიული საფუძველი, საერთაშორისო ფორუმში არდაშვებისა. თქვენ განათლებული ჟურნალისტი ბრძანდებით და არ მგონია, ეგეთი შეცდომა მეორედ გაიმეოროთ, რომ გამოხატული აზრის გამო... მაშინ განათლების პრობლემა გაქვთ, მაშინ ამერიკამ ნიუ-იორკის კარები უნდა ჩაკეტოს და არავინ არ შეუშვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსეთის სათათბიროს დეპუტატს სერგეი გავრილოვს ოთხშაბათს სახელმწიფო ცერემონიების ავლაბრის სასახლეში, საქართველოს ხელისუფლება უმასპინძლებს. დუმის წევრი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხმა საქართველოში რუსული ჯარების შემოყვანას მისცა, ახლა მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის ხელმძღვანელია.

მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა 19-დან 25 ივნისის ჩათვლით ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

დღის ამბები