გავრილოვი და სხვა დეპუტატების ჩამოდიან კლიმატის შესაქმნელად, რომ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ნორმალურია - აცხადებს გიგია ბოკერია საქართველოში დაგეგმილ მართმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების ვიზიტზე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული უფლება საქართველოში არ შემოუშვას სერგეი გავრილოვი, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა.
ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ან ვერ ხვდება, რომ რუსი პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში მათთვის სასურველი კლიმატის შექმნას ემსახურება ან ხვდება, თუმცა განზრახ უწყობს ხელს რუსეთს ამ ქმედებაში. ბოკერიას განცხადებით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ანტიქართული განწყობის მქონე დუმის დეპუტატის ვიზიტი ქართულ საზოგადოებაში გაჩენილ დაპირისპირებას ემთხვევა.
„რატომ შეიძლება სუვერენულმა ქვეყანამ არ განიხილოს საკუთარ ქვეყანაში არ შემოშვება ადამიანის ვისაც საკუთარ ბიოგრაფიაში უწერია, რომ აფხაზეთის ომში რუსულ მხარესთან ერთად იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ იმ ომში,რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა და ათასი უბედურება. რა სისულელე და სიბრიყვე არის გაეროს ანალოგიის მოყვანა, რა გაეროს სხდომა ტარდება თბილისში?-რა სისულელეა.
ეს არის სუვერენული უფლება, არანაირი ახსნაც კი არ სჭირდება სამართლებრივი თვალსაზრისით, პოლიტიკურად კი სჭირდება. ვის შემოუშვებს საქართველოს მის ტერიტორიაზე და ვის არა, ეს არის საქართველოს გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეს უფლება არ უნდა გამოიყენო უაზროდ, მაგრამ უაზრობაა იმ კაცის არ შემოშვება იმ შენ ტერიტორიაზე, რომელიც შენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა იარაღით ხელში და ახლა სიტყვით და პოლიტიკურად აგრძელებს ამ ბრძოლას?
მაგისთვის ჩამოდიან, რომ კლიმატი შექმნან, რომ ეს არის ნორმალური ამბავი მინიმუმ ან რომ რაღაც მორალური უპირატესობა აქვთ. ეს ძალიან კარგად ემთხვევა სხვა მოვლენებს, რომელიც დღეს ხდება და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში ეს არ ესმის ან უარეს შემთხვევაში - ესმის და ამას აკეთებს,“-აცხადებს გიგა ბოკერია.