აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვან მოკავშირედ არის მოხსენიებული. წინა წლის რედაქციისგან განსხვავებით, კანონპროექტში შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს და უსაფრთხოების საკითხში მისი დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
დოკუმენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.
„დოკუმენტში, პირველ რიგში, ხაზგასმულია ის, რომ აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მხარდამჭერს და პარტნიორს. შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში არის ხაზგასმული ის, რომ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით არა მხოლოდ ნატოს, არამედ სხვა ფორმატებშიც, ანუ უსაფრთხოების კუთხით, ჩატარდება წვრთნები. მათი სიხშირე, მასშტაბები უნდა გაიზარდოს,“- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.