19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
რუსი დეპუტატების ვიზიტი საქართველოში არჩილ თალაკვაძისთვის უმნიშვნელო საკითხია

ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატის ვიზიტი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გავრილოვისა და რუსი პოლიტიკოსების ვიზიტი უმნიშვნელოა. მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, ვინ მონაწილეობს საქართველოში დაგეგმილ მართმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში ევროპიდან. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის გაშუქება მხოლოდ "რუსთავი2-ს" სჭირდება.  

რაც შეეხება თალაკვაძისთვის დასმულ კითხვას, ეთანხმება თუ არა ის რუსი დეპუტატის აზრს, რომ ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელი ტერიტორიებია, თალაკვაძე კითხვას შეურაცხმყოფელსა და აბსურდულს უწოდებს. 

„თქვენ რომ მეკითხებით, ჩვენ დავეთანხმებით თუ არა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არის ჩვენი რეგიონები, რომელიც დღეს არის უკანონოდ ოკუპირებული, ეს არის შეურაცხმყოფელი და, ჩემი აზრით, აბსურდული შეკითხვა იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს ამას არ დავეთანხმებით და სამწუხაროა, რომ თქვენ ამ კონფერენციას აშუქებთ იმ ჭრილში, რომელიც არის საერთოდ უმნიშვნელო იმასთან შედარებით თუ ვინ ჩამოდის და ვინ მონაწილეობს ევროპის დელეგაციებიდან ამ კონფერენციაზე.

თქვენ მეკითხებით იმაზე, რაც თქვენ გჭირდებათ, როგორც „რუსთავი2-ს", მაგრამ არ მეკითხებით, ისე როგორც ჩვენ გვჭირდება, როგორც საქართველოს, ეს კომენტარი რომ დაიმახსოვროთ აშკარად ან არქივში შეინახოთ,“ - ამბობს თალაკვაძე.

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია და ქართველ ხალხს ამ "ისტორიულ ფაქტთან" შეგუებას ურჩევს. როგორც ის "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, საქართველოში ჩამოდის და ფიქრობს, რომ ურთიერთობები ამ ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით უნდა განახლდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები