„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციაში მონაწილეობა გერმანელმა პოლიტიკოსებმა მიიღეს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის პროდასავლურ კურსზე ახდენს გავლენას.
„ყოველდღიური დიალოგი არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ან გავაგრძელებთ ჩვენი თავის მოტყუებას და იმას, რომ ვითომდა გიგანტური ნაბიჯებით მივიწევთ ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ, ან და კიდევ რეალურად შევხედავთ ჩვენს თავს და მივხვდებით, რომ ისიც კი, რაც მოპოვებული გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე, საფრთხის ქვეშ დგას,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სალომე სამადაშვილმა ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შესაბამის დიპლომატიურ საქმიანობას ვერ ახორციელებს, რის გამოც ამის გაკეთება ოპოზიციას უწევს.
„მსგავს ფორმატში შეხვედრა, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ვესაუბროთ გერმანელ პოლიტიკოსებს, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკაზე, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება დიპლომატიურ საქმიანობას შესაბამისად არ ახორციელებს და ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ დღეს ქვეყნის ოპოზიციაში, ვცდილობთ სწორედ გერმანელ პარტნიორებს მივაწოდოთ იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისთვის,“ - განაცხადა სამადაშვილმა.