19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
მადლობა, რომ ოჯახის ფერმის პირადი ვეტერინარი არ დაგვინიშნეს მინისტრად, მაგრამ ალბათ, სამომავლოდ, რეზერვში ჰყავს - რომან გოცირიძე

„რაც შეეხება დანიშვნას, ეს არის აბუჩად აგდება ხალხის, ეს არის მორიგი დამამცირებელი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილისა, თურმე, ნიშნავს ოჯახის პირად სტომატოლოგს,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებას.

დღეს დავით სერგეენკომ თანამშრომლებს მისი შემცვლელი ეკა ტიკარაძე მედიის დაუსწრებლად წარუდგინა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ დავით სერგეენკოს გადაყენება ლოგიკური იყო, თუმცა მის შემცვლელად ოჯახის პირად სტომატოლოგის დანიშვნა დეპუტატისთვის მიუღებელია.

„ძალიან მიკვირს, რომ ასე შეიცხადეს ზოგიერთებმა. 7 წელი ოქროც რომ იდოს ერთ ადგილას, ისიც კი დაჟანგდება. დროა რა თქმა უნდა. მეორე შვიდწლიანმა იდარდოს ახლა, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მინისტრის მუშაობა ერთ ადგილზე ნიშნავს სისტემის დახავსებას და ნიშნავს ფაქტობრივად, დამყაყებულად ყოფნას ამ დარგისა. რაც შეეხება დანიშვნას, ეს არის აბუჩად აგდება ხალხის, ეს არის მორიგი დამამცირებელი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილისა, თურმე, ნიშნავს ოჯახის პირად სტომატოლოგს. დიდი მადლობა, რომ ოჯახის ფერმის პირადი ვეტერინარი არ დაგვინიშნეს მინისტრად, მაგრამ ალბათ, სამომავლოდ, რეზერვში ჰყავს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები