პირადი სტომატოლოგი დღეიდან მინისტრია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის უმსხვილესი სამინისტრო არა პროფესიონალიზმის ან პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ ფიგურას, არამედ კვლავ ოჯახის ახლობელს ჩააბარა.
მუშაობა მინისტრად ეკა ტიკარაძემ ისე დაიწყო, რომ ჟურნალისტების არცერთი კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. სამინისტროში მედიის გარეშე მივიდა და პირველი სამუშაო დღეც მხოლოდ მინისტრის პირადმა ოპერატორმა გადაიღო.
მთავარი კითხვა, რომელსაც ტიკარაძემ უნდა უპასუხოს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის კავშირებს ეხება. მედია წერს, რომ სერგეენკოს ადგილმონაცვლედ ეკა ტიკარაძე პირადად ივანიშვილმა შეარჩია, ის ოლიგარქის ოჯახის პირადი სტომატოლოგია, ბერა ივანიშვილი კი ჯანდაცვის მინისტრის შვილის ნათლიაა.
ეკა ტიკარაძე ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა წარუდგინა, თუმცა სიტყვა არ უთქვამს, რატომ გაუშვა დავით სერგეენკო. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მუშაობას პრემიერის მრჩევლად გააგრძელებს.
ოპოზიციისთვის ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი სამინისტრო პირად სტომატოლოგს ჩააბარა, საზოგადოების აბუჩად აგდებას ნიშნავს.
ოპონენტების ბრალდებებს ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციები უწოდეს „ოცნებაში“. თუმცა უმრავლესობის ლიდერებმა ვერ დამალეს, რომ ეკატერინე ტიკარაძეს არ იცნობენ და საჩხერის კლინიკის უკვე ყოფილ დირექტორზე მინისტრად წარდგენამდე არაფერი გაუგიათ.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დავით სერგეენკო 2020 წლის არჩევნებისთვის მმართველი პარტიის პროგრამაზე იმუშავებს. თითქმის, დადასტურებულია, რომ სერგეენკოს „ოცნების“ საპარლამენტო სიაშიც ადგილი უკვე გარანტირებული აქვს.
ავტორი: მარიამ ქაშაკაშვილი