19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ძალადობა აზიანებს არა კონკრეტულ ადამიანს, ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქნეული მუშტი თუ კომბალი - ომბუდსმენი

ღირსების მარშთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საუბრობს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის გამოწვევაა, როდესაც ადამიანთა კრიმინალური გარკვეული ჯგუფი კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს.

„ძალადობა თუ განხორციელდა, ეს იქნება საფრთხე არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ იქნებიან შეკრებილი, არამედ ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და ჩადენილი დანაშაული. მე არ მგონია, რომ ეს მიმდინარე მოვლენები და დაპირისპირება, აგრესია, რაც მოდის, ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფს არ მოსწონს, სადღაც ქალაქის რომელიღაც მყუდრო ადგილას 10-20 კაცი შეიკრიბოს და თქვას, რაც შეიძლება იყოს მიუღებელი საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით, ეს არის რაღაც ძალის დემონსტრირება, სინამდვილეში აქ დაპირისპირება მიმდინარეობს არა ლგბტ თემთან, რომელიც შეიძლება რამდენიმე ათეულ ადამიანზე საუბარი, არც ვიცი, რამდენია, დაპირისპირება რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფოს და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს აცხადებენ სახელმწიფოზე მაღლა, კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ვითარებას ამწვავებს ის, რომ ვერის ბაღში შეკრებილთა შორის საკმაოდ ბევრი ადამიანი რუსული რბილი ძალის ინტერესების გამტარებელია.

„ნებისმიერი ძალადობა ამ შემთხვევაში აზიანებს არა კონკრეტულ ადამიანს, ინდივიდს თუ თემს, ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქნეული მუშტი თუ კომბალი თუ ქამარი, რაზეც ისინი საუბრობენ. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები