19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ფასეულობათა დაპირისპირებაზე უფრო წინ სინამდვილეში არის პოლიტიკური საკითხები, ხომ ვატყობთ - გუბაზ სანიკიძე

„არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას რაიმეს დაგეგმვის უნარი ჰქონდეს,“ - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ ღირსების მარშზე საუბრისას გააკეთა.

სანიკიძის შეფასებით, ქართული სახელმწიფოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა  ხელისუფლება უუნაროა. სანიკიძე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებას მოვალეობები ავიწყდება.

„გარედან რომ გვიფათურებენ ხელს, ხომ ვხედავთ, აქ, რომ ფასეულობათა დაპირისპირებაზე უფრო წინ სინამდვილეში არის პოლიტიკური საკითხები, ხომ ვატყობთ. სადამდე უნდა ვიყოთ ამ საბავშვო აზროვნების დონეზე, სადამდე უნდა გვჭირდეს ეს საყმაწვილო სენი, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს,“ - განაცხადა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ ვასაძეს და მის თანამოაზრეებს რჩევაც მისცა, რომ ლეგიონი არ გამოიყენონ, რადგან „მაცხოვრისთვის ლეგიონი ცუდი სიტყვა იყო“.

„ყველას მოვუწოდებ წესიერად მოვიქცეთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ნიკა გვარამიას პოზიციასთან ჩემი პოზიცია დაახლოებულია. მე არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე და მისი კრიტიკოსი ვარ, მაგრამ დღეს ქართული პოლიცია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და დღეიდან უპირობოდ, მე პირადად, მხარდაჭერას ვუცხადებ. იყავით პოლიციელებო, ღირსეულები, დაიცავით კონსტიტუცია და დაიცავით სამართალი,“ - განაცხადა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ვითარება გარედან არის მართული და არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობლის გარდა, სხვა ქვეყანაც იყოს ჩარეული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები