შალვა თადუმაძის შემცვლელი იქნება რობოტი, რომელიც ივანიშვილის დავალებებს შეასრულებს - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახალი გენერალური პროკურორი პროფესიონალიზმის მიხედვით არ შეირჩევა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შესაძლოა, თადუმაძის შემცვლელის წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდეს.
„უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი, ვეძებოთ ივანიშვილის გარემოცვაში ყველაფრის მკადრებელი ადამიანი და არა ისეთი ადამიანი, რომელსაც საპროკურორო გამოცდილება აქვს.
იქნება რობოტი და გააკეთებს იმას, რასაც დაავალებს ივანიშვილი. პროკურატურაში უნდა იყოს ან ქორი პროკურორი, რომელიც პირდაპირ უნამუსოდ შეასრულებს ივანიშვილის დავალებას, როგორც ფარცხალაძე ან უნდა იყოს ბუნჩულა პროკურორი, რომელიც იქნება ბუტაფორია და შეასრულებს კულისებში მდგომი ადამიანის დავალებას, მაგრამ უფრო უნდა ველოდოთ, რომელთა მიმართაც ექნება კომპრომატი,“-აცხადებს გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სახელისა და გვარის ადამიანი გახდება გენერალური პროკურორი, ის ივანიშვილის მორჩილი იქნება.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია, მნიშვნელოვან თანამდებობაზე დასანიშნად არც პროფესიონალიზმსა და არც სხვა უნარ-ჩვევებს მნიშვნელობა არ აქვს.
„თადუმაძე გახლავთ ივანიშვილის ლაქია და მან პირდაპირ თქვა, რომ დიპლომი სჭირდება იმისთვის, რომ ემსახუროს ოლიგარქს. დარწმუნებული ვარ, ახალ პროკურორს ამავე ნიშნით შეარჩევენ - ეს არის ივანიშვილის მიმართ უსიტყვო და მონური მორჩილება, ამიტომ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო საკადრო ცვლილებებმაც ეს დაადასტურა,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
როგორც ცნობილია, შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე მიიღო მყარი გარანტიები, რომ სასამართლოს თავმჯდომარე გახდება. შესაბამისად, ის ახალმა გენერალურმა პროკურორმა უნდა შეცვალოს, რომელიც ექვსი წლის ვადით შეირჩევა.