რუსი დეპუტატი ალექსეი ჩეპა საქართველოშია. ადამიანებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამართლების ცდილობენ, დღეს ხელისუფლება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში უმასპინძლებს.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ალექსეი ჩეპას ჩაწერა "კურიერმა" შეძლო. დეპუტატი ჩეპა აცხადებს, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მონაწილეობის მიღებაა. მისი თქმით, საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, ისევე როგორც რუსეთი და მისთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა.
კითხვაზე - აპირებს თუ არა ალექსეი ჩეპა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და არის თუ არა ასეთი შეხვედრა დაგეგმილი, ჩეპა ამბობს, რომ შეხვედრები ჩანიშნული არ არის, თუმცა მოხარული იქნება, თუკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ფორმალურ ან არაფორმალურ გარემოში შეხვდება.
„კურიერმა“ რუს დეპუტატს კითხვა დაუსვა ასევე საქართველოს დეოკუპაციის შესახებ. ალექსეი ჩეპა ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ კონფლიქტი სახელმწიფოებს შორის და რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან კავშირში არ არის.
„გამიხარდება თუ შეხვედრა შედგება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატში იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებისთვის და დიალოგისთვის. ასამბლეა არ ითვალისწინებს ორ მხრივ შეხვედრებს, თუმცა კარგი იქნება, რომ მოლაპარაკება შედგეს. განსახილველი ბევრი რთული საკითხი გვაქვს, მაგალითად, ქვეყნების დაყოფა, ასევე, ქვეყნების თვითგამორკვევის საკითხები. მიმაჩნია, რომ ეს ურთულესი საკითხები დიალოგის და ჯანსაღი მსჯელობით უნდა მოგვარდეს. ძალიან მარტივია, ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულო, თუმცა ეს ასე არ არის და ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ,“- განაცხადა ალექსეი ჩეპამ.