19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
სამშენებლო ნორმების დარღვევა და სანქციები - ოპოზიცია კალაძის ინტერესებზე საუბრობს

კახა კალაძის ინიციატივას, რომლის მიხედვით, სამშენებლო ნორმების დარღვევის შემთხევაში სისხლის სამართლებრივი სანქციები ამოქმედდება, საკრებულოს ოპოზიცია აკრიტიკებს. "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილებაში თბილისის მერის პირად ინტერესს ხედავს. ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კალაძემ ეს ცვლილება მასთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიებისთვის სამშენებლო ბაზრის გასათავისუფლებლად გამოიყენოს. 

„ეს ყველაფერი მომეწონებოდა მაშინ თავად კალაძე რომ არ იყოს სამშენებლო ბიზნესით დაინტერესებული. ეს რეგულაციები რიგითი თბილისელებისთვის არაფერს შეცვლის, მშენებლებისთვის, ალბათ, სავარაუდოდ, მერე კონკურენტებს სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცემენ და, ალბათ, დაიჭერენ კიდეც, თუმცა კალაძის ბიზნესპარტნიორებს დ ანათესავებს, ვგულისხმობ "არქის", ვგულისხმობ "მ2", არავინ შეეხება.

შეიძლება კონკურენციის პირობებში გამოიყენონ კიდეც ეს კანონი იმისათვის, რომ კონკრეტული ადამიანები გაუშვან ციხეში,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე, დავით ჟღენტიც დარწმუნებულია, რომ ახალ რეგულაციას კონკრეტული სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ჟღენტი ამბობს, რომ სამშენებლო კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შეტანა კალაძესთან დაახლოებულ დეველოპერულ კომპანიებს მონოპოლიას მისცემს, სხვებს კი ბაზრიდან გარიყავს.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონის გამკაცრება ქაოტური მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს.

„მსგავსი ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ, პრევენცია მოვახდინოთ და სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ ის არაკეთილსინდისიერი პირები, ვინც ჩვენს ქალაქს დაამახინჯებს, ეს ეხება ძირითადად K1 და K2 კოეფიციენტის დარღვევას,“ - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე.

საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეეხება ისეთ წვრილმან დარღვევებს, რომელიც შესაძლებელია, ყველა მშენებელმა დაუშვას.  

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, უკანონო და დარღვევებით შესრულებული მშენებლობების შესახებ კანონი მკაცრდება. ჯარიმის ნაცვლად, კანონის დამრღვევების წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი სანქციები ამოქმედდება. ახალი რეგულაციების შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები