„ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ -ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გააკეთა. ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრი რუსი დეპუტატების ასამბლეაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნული საკითხის ორგანიზატორად მოიხსენია.
ენმ-ს წევრმა ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც მოითხოვა. მან ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, რომ რუსი დეპუტატების პარლამენტის დარბაზში შემოსვლა არ დაუშვას.
„ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ იმ ადამიანს, ვინც ასრულებს ამ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, გამოაცხადოს, რომ რუსი დეპუტატები ამ დარბაზში ვერ დასხდებიან. იქ ,სა დაც ჩვენ აგვირჩია ქართველმა ხალხმა, ვერ იჯდება რუსი ოკუპანტი. ადამიანი, რომლის ქვეყნის მიერ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტია ოკუპირებული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ასე რომ, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი ასევე უნდა დადგეს, რომ ამ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება და გამოაცხადოს, რომ რუსი დეპუტატები აქ არ დაიშვებიან. ასევე ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც არის ორგანიზატორი ამ ყველაფრის, თუმცაღა, ბუნებრივია, არ გამოგივათ, რომ ჯოხი გადატეხოთ ერთ დეპუტატზე, იმიტომ, რომ მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა „ქართული ოცნების“ სახე. დიახ, მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა ის, რომ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში არის „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროექტი არის სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პროექტი,“- განაცხადა ბოკუჩავამ
ბოკუჩავამ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად დღეს 7 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„გამოვიღვიძოთ ყველამ, დავდგეთ ერთად დღეს 7 საათზე და გავაპროტესტოთ ის, რაც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ , ის რაც დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, სულში ჩააფურთხა ჩვენს ქვეყანას, სულში ჩააფურთხა იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და სუვერენიტეტს, სულში ჩააფურთხა ჩვენი ქვეყნის ღირსებას. გთხოვთ დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე,“- განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიციამ პარლამენტში ასამბლეაში რუსი დეპუტატების მონაწილეობის საკითხი გააპროტესტა და შენობაში დემარშით შევიდა.