ნიკა მელია პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ გააგდო. მელიამ შენობიდან გაძევებული "რუსთავი2"-ის ოპერატორის უკან დაბრუნება სცადა, რის გამოც მას ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.
თავდაპირველად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობიდან რუსთავი2-ის ოპერატორი გააგდეს.
ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა პოლიციელებს ოპერატორის შენობაში დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა პოლიციამ ჟურნალისტის მოთხოვნა არ შეასრულა.
ბაღაშვილმა პოლიციელებს მიმართა, რომ ისინი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლით კანონს არღვევდნენ. კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სასესიო დარბაზიდან პოლიციელებთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა.
ნიკა მელიამ პოლიციელებს რკინის კარის გაღება და ოპერატორის შენობაში დაბრუნება მოსთხოვა, მელია ღია კართან მივიდა, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ვაჟა სირაძემ ხელის კვრით ეზოდან გააგდო. დაპირისპირება კარებთან რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით პოლიციამ შენობა "კურიერის" ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილსაც დაატოვებინა.
თამარ ბაღაშვილი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში პოლიციელთა მობილიზების კადრებს იღებდა. პოლიციელების ავტომობილები და ავტობუსები სპეცტექნიკითა და ხელკეტებით არის დატვირთული.